“ეს ექსპერტიზა ადასტურებს რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს” – ამის შესახებ “2020NEWS”-ის პრესკლუბში გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაიშვილმა განაცხადა. როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ერთიანი პოზიციაა.
„წარმოუდგენელია, ეს დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, ფერდობზე დაგორებით იყოს მიყენებული…შესაბამისად, ჩვენი კატეგორიული პოზიცია იქნება პროკურატურის და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლკელობის გამო მიეცეს… ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები“ – აცხადებს ნიკოლაძე
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.