ქუთაისში ენკას ოფისთან ”რიონის ხეობის მცველები” აქციას მართავენ

ქუთაისში  ”რიონის ხეობის მცველები”კომპანია ენკას ოფისთან აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის,  ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ოფისთან მისვლა ხელისუფლებისთვის იმის შეხსენებაა, რომ ისინი ამ პროცესთან შეგუებას არ აპირებენ.ოფისთან საყვირებითა და ხმაურით მივიდნენ. გარკვეული დროის მანძილზე პიკეტირებული იყო შენობაც.

“ჩვენ ვნახეთ მთელი აი ამ პროტესტის განმავლობაში, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას. არ იქნა ჩვენი პირობები შესრულებული. უმნიშვნელოვანესი ინტერესები სახელმწიფოსი და თითოეული ჩვენთაგანის ეწირება იმ პროცესს, რაც ხდება რიონის ხეობაში. ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირის ჩართულობაც ხდება, შაბათს იგეგმება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი ხელისუფლების მხრიდან, რომ მოხდება იმ პირობების დაკმაყოფილება, რა პირობებსაც, მათ შორის, ევროკავშირი აყენებს. ჩვენ თავის დროზე ამ პირობების შესრულებაზე გვეთქვა მკაფიო უარი ხელისუფლების მხრიდან. პირობები იყო, რომ უნდა გასულიყო პოლიცია, აღებულიყო ბარიკადები და შეჩერებულიყო სამუშაოები. რადგან ვხედავთ ამ აბსოლუტურ გაუთვალისწინებლობას ხელისუფლების მხრიდან მოვედით დღეს კიდევ ერთხელ აქ, რომ შევახსენოთ მათ, რომ არ იფიქრონ ის, რომ ეს პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც მათ აქვთ ჩაფიქრებული და დაგეგმილი. ყველა შემთხვევაში ჩვენ, ქართველი ხალხი, შევაჩერებთ, იმ უსამართლობას, რაც ხდება”, – აცხადებს გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დღეს 5 საათზე 8 დაკავებული აქტივისტის პროცესი უნდა ჩაინიშნოს.