ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში 50-წლამდე მუშა გარდაიცვალა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა “ამბიკონ სტილსში” თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევა 10 იანვარს მოხდა.

50 წლამდე მამაკაცის გარდაცვალებაზე კომპანიაში არ საუბრობენ, თუმცა გავრცელებულია ორი ვერსია: ის სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა, ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე ვერსიით კი ქარხანაში ლითონის დნობისას ხანძარი გაჩნდა, მუშა კი ცეცხლის ქრობის დროს, დაკვამლიანების გამო გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები არ საუბრობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.