“მთავარმა არხმა” მოიპოვა ქუთაისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ქალის ჩვენება, სადაც დაკავებული დეტალურად ყვება, რატომ გაუსწორდა მეზობელს. დაკავებულია ბრალდებულის მეუღლეც. მეგობრებთან ერთად სწორედ მათ ნახეს პირველად 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის დასახიჩრებული ცხედარი.
ბრალდებულმა, რომელმაც მეზობელს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, კარი დასისხლიანებული ტანსაცმლით გააღო, რის შემდეგაც გამოიცვალა და ქმართან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
45 წლის ბრალდებული დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. მისი თქმით, ელისო ჩეჩელაშვილი მას მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა, რის გამოც ბრალდებული წყობიდან გამოვიდა და დანაშაული ჩაიდინა.
ელისო ჩეჩელაშვილის მეგობრები ბრალდებულის ჩვენებას არ ენდობიან და ამბობენ, რომ დაღუპულს ჰყავდა შეყვარებული, ვისთანაც ოჯახის შექმნას აპირებდა.
გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, ხვალ, 22 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, რომელზეც ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებენ.