საქართველოს პროკურატურამ “ქურდული სამყაროს წევრობის”, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და “ქურდული სამყაროს წევრისთვის” მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულებიდან 18 პირი აღიარებს “ქურდულ სამყაროს” და აქტიურად მონაწილეობს “ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს
“2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით აღნიშნული პირები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში და ქურდულ შეკრებებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სხვადასხვა პირებისთვის კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტას.
ბრალდებულები დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. თვრამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს” წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 12 პირი: გ.ხ., ა.შ., ლ.ვ., მ.ფ., ბ.ხ., ს.მ., ლ.ტ., გ.ბ., ნ.ი., გ.რ., ლ.გ. და ზ.გ. ინფორმირებულები არიან ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ბრალდებულები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ახორციელებდნენ აქტიურ ქმედებებს, რითაც ხელს უწყობდნენ “ქურდული სამყაროს” საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში, გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ “ქურდული შეკრებების” და “ქურდული გარჩევების” მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს, იგივე “ობშიაკის” შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს. აღნიშნულ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (“ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე ორ პირს- მსჯავრდებულს ზ.კ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.კ. “ქურდული სამყაროს” წევრებს და მხარდამჭერებს უკავშირდებოდა და ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ ქურდული გარჩევის მოწყობას ითხოვდა. ასევე, გ.ბ.-მ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენებისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს ქურდული გარჩევის მოწყობა სთხოვა.
ზ.კ-ს და გ.მ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.