“ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ “- ასე ეხმაურება, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, უკრაინის ხელისუფლების ინიციატივას, რადას პრორუსი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას. მედვედევის განცხადება ტელეგრამზე ვრცელდება.
- „ზოგიერთი გიჟი, ვინც საკუთარ თავს „უკრაინის ხელისუფლებას“ უწოდებს, აცხადებს, რომ სურთ ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკს გამოსძალონ, შემდეგ კი „სწრაფად და სამართლიანად“ გაასამართლონ ის და შემდეგ სამხედრო ტყვეებში გაგვიცვალონ. ეს ადამიანები გარშემო ფრთხილად უნდა იხედებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ“, – წერს დმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.
6 აპრილს კორუფციის საწინააღმდეგო ცენტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ტატაროვმა ხელი შეუწყო უკრაინიდან დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის გაქცევას, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და მას რუსული სცენარის ნაწილად ასახელებდნენ, რომლის მიხედვით უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მედევდჩუკი კი უკრაინის პრორუს მმართველად სახელდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მედევდჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. ვლადიმერ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.
მედვედჩუკს ლვოვის სასამართლომ 18 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. მას ბრალი ედება სახელმწიფოს ღალატში და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.