ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ–ში ვიზიტი ჩაიშალა.
“ირაკლი ღარიბაშვილი ამ კვირაში აქ, ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ვიზიტით და შეხვედროდა კონგრესმენებს, სახ. დეპის დიპლომატებს და ჩვეულებისამებრ, უნდა შეევლო ჰიუგო ბოსის ლოკალურ მაღაზიაშიც.
დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონში ჩაიშალა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, კონგრესმენების მხრიდან, შეხვედრებისადმი გამოხატული ნულის ტოლი ინტერესი გახდა.
კონგრესმენი კინზინგერი ერთ-ერთი იყო, ვინც უარი თქვა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.“– წერს დემნა დევდარიანი.
აშშ–ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ამ სტატუსის კომენტარში წერს, რომ პრემიერის ვიზიტი აშშ–ში დაგეგმილი არც ყოფილა, რაზეც დემნა დევდარიანი პასუხობს:
“საელჩომდე არ მიუღწევია დაგეგმვის ტექნიკურ ნაწილს, მართალი ხარ. იქამდე მოკვდა პროცესი.“
დემნა დევდარიანი წარსულში ტვ იმედის კორესპონდენტი იყო, თუმცა ამჟამად ამ კომპანიას აღარ წარმოადგენს. გასულ კვირას ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ პრესკონფერენციას ესწრებოდა, სადაც საქართველოს მიმართ მწვავე კრიტიკა ისმოდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა თქვა, რომ დეპარტამენტიდან ორჯერ დაურეკეს და ბრიფინგზე მიიწვიეს, რათა საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაესვა.
დემნა დევდარიანი კონგრესმენ კინზინგერის ტვიტერის პოსტსაც აკოპირებს, რომელშიც მან ირაკლი ღარიბაშვილს უპასუხა.
“ეს სრულიად სიყალბეა. ჩვენ კრიტიკულები ვიყავით და ხშირად. როგორც ჩანს, ახლა პროგრესი შენელდა და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”
სენატორმა ადამ კინზინგერმა პრემიერ ღარიბაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან თქვა, რომ 2012 წლამდე არ მოუსმენია ამერიკისა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ.
განახლება:
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.
„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.