ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ, გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა.
”განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია.საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის ათი საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად, დამატებით მივაწვდით ინფორმაციას” – განაცხადა ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა.