ღარიბაშვილის მეორეჯერ წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ “წკიპურტით” გაგდება ადვილი არ იქნება.

მისი თქმით, ქვეყნის მოქმედი პრემიერი 2 ბატონის მსახურია – ივანიშვილის და საპატრიარქოსი.

“ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. ეს არის ერთი სისტემა. ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ჩვენ ივანიშვილს, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტი იყო. მეორეჯერ ღარიბაშვილის წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება. ღარიბაშვილის და შიოს ტანდემი გვაქვს. ღარიბაშვილი არის 2 ბატონის მსახური – როგორც ივანიშვილის, ასევე საპატრიარქოსი. მენტალურად ის ბნელია. მე მახსოვს, როგორ იქცეოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინ. როგორ იქცეოდა თვითმმართველობის არჩვნების წინ, როგორ დარბოდა საპატრიარქოში”,– ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი სავარაუდოდ ისევ თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება.