“პრემიერმინისტრზე, ბატონ ღარიბაშვილზე მინდა ვთქვა, რომელიც ბოლო დროს ძალიან დიდი აღტაცებით და ყიჟინით გვეუბნება, რომ არნახულად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ეკონომიკა დუღს, ევროპასაც კი ვაოცებთ. ცოტა უტრირებულად ვამბობ.

სრულიად გაჩერებული რომ იყო ქვეყანა, იმის ფონზე რომ რაღაც გაფაჩუნდა და ზრდა არის, გასაგებია, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება ხალხს უბრალოდ აღიზიანებს.

თუ ხართ ღარიბაშვილის კეთილისმყოფელები ამ დარბაზში, იქნებ უთხრათ, რომ ასე არ შეძლება. ეკონომიკა ხომ ისეთი რაღაცაა, შეიძლება განათლებაში რეფორმა გაატარო და 10-15 წლის შემდეგ მიიღო შედეგი. ეკონომიკა ხომ ძველბერძნულიდანაც ითარგმნება, სიტყვა-სიტყვით, როგორც საოჯახო მეურნეობა. პირდაპირ ჩვენს ჯიბესა და მაცივრებზე ვგრძნობთ, ეკონომიკა გაიზარდა თუ არ გაიზარდა. თან, ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ ეს ოხერი, რაც გვინდა, იმას ხომ ვერ დაგვაჯერებს მთავრობა. შეგვიძლია, გადავამოწმოთ.

მესმის, რომ ალბათ გულწრფელად უნდა, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ამ ქვეყნის ეკონომიკა, ვიდრე არის, მაგრამ ის არის პრემიერმინისტრი. არ შეიძლება ასე ბაქი-ბუქით ლაპარაკი. ეს ხალხის გაღიზიანების გარდა, არაფერს იწვევს. კარგი იქნება, თუ რეალისტურად ილაპარაკებს”

თქვა “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.