სომხეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ის ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რის შემდეგაც მათ მედიის წინაშე განცხადებები გააკეთეს.
ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ის დარწმუნებულია, რომ სომხეთში ვადამდელი არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ [სომხეთში] ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა.
“საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში. ერთის მხრივ, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორეს მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
.