ღარიბაშვილი პარლამენტს აზარტული თამაშების კანონპროექტის მიღებისთვის მადლობას უხდის

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს მის მიერ ინიცირებული აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებისთვის.

“2022 წლის პირველი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. პირველი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25-წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება. პირველი მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს – ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით – ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს”,– წერს ღარიბაშვილი.

მედიამენეჯერების შეფასებით, აღნიშნულმა რეგულაციებმა შესაძლოა კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაობის შეფერხება, ან დახურვა გამოიწვიოს.

რეგულაციების გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორი აპირებს, უარი თქვას სპორტის სპონსორებაზე. სპორტსმენების განცხადებით, ეს მათ უშემოსავლოდ დატოვებას გამოიწვევს.