საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანმა ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ.
„ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა შავი ზღვის ქალაქ სოჭში. შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა.
აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ძალას არ გამოიყენებენ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრისას დაეყრდნობიან უკვე არსებულ შეთანხმებებს.