ღარიბაშვილი უკრაინის მხარდამჭერ აქციებს “ანტისახელმწიფოებრივს” უწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ უკრაინის მხარდაჭერ მასშტაბურ აქციებს “ანტისახელმწიფოებრივს” უწოდებს.

მისი თქმით, ომის პერიოდში მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა აქციები და “არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა”.

“მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული, ჩვენ ვართ ოკუპირებული, რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ დროს, ამ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი მთელი ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა”,– თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ეს აქციები იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც “წლებია ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, მოღალატოებრივ პოლიტიკას”.

“ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ამიტომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე”,– აღნიშნა პრემიერმა.