საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-14 წლისთავზე “ფეისბუკზე” წერს, რომ აუცილებლად აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამავე პოსტში ის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.
Facebook-ზე პოსტი საქართველოს დროით 8 აგვისტოს, 00:01 საათზე დაიდო.
“14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.
ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – საქართველო გაერთიანდება!” – წერს ღარიბაშვილი.