ღარიბაშვილმა საარჩევნოდ კოჭი გაუგორა ე.წ. რიონის ხეობის მცველებს – ჯაფარიძე ნამახვანჰესზე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ენკასთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი ის არის, რომ ღარიბაშვილმა წინასაარჩევნოდ “კოჭი გაუგორა” რიონის ხეობის მცველებს.

“ენკასთან ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვია იმან, რომ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, საარჩევნოდ კოჭი გაეგორებინა ე.წ. რიონის ხეობის მცველებისთვის, იმ ხალხისთვის, რომელსაც არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოსთვის, მათ შორის, არ ესმის, რომ კერძო მესაკუთრეების გადასაწყვეტი იყო ეს ამბავი. იქ მცხოვრებმა კერძო მესაკუთრეებმა გაყიდეს საკუთარი მიწები, ენკას საკუთრებაში იყო ეს ყველაფერი და რასაც უნდა, იმას გააკეთებდა.

ამ ქვეყანაში ათობით ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არის გაჩერებული, ქარის ელექტროსადგურიც კი გაჩერებულია. ყველაფერი გაჩერებულია ენერგეტიკა და დედა არ ჰყავს ენერგეტიკას ეგეთი მიდგომის გამო. ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ კოჭი გაეგორებინა ამ ხალხისთვის, იმიტომ რომ საარჩევნოდ არ უნდოდა, ესენი ყოფილიყვნენ გაღიზიანებული და ყველაფერი გააკეთა, რომ ენკას ჩაეშალა ეს პროექტი”,– ამბობს ის ფორმულას ეთერში.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ 800-მილიონიანი ინვესტიციის დაკარგვასთან ერთად, სასამართლოს საქართველო წააგებს და დაახლოებით ნახევარი მილიარდი ჯარიმა დაეკისრება.

ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.