შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში. მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოსიეში არ არის საუბარი იმაზე, რომ მიხეილ შაყულაშვილი თბილისის პროკურორის თანამდებობასაც იკავებდა და არაერთ სკანდალურ საქმესთან იყო დაკავშირებული, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან. მას “კახელების კარტელის“ წევრად მოიხსენიებდნენ. 2018 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.