ღარიბაშვილს დროის ლიმიტი აქვს, ჩვენ რეალურ გეგმას ველოდებით – ავსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ევროპარლამენტი რეალურ გეგმას ელოდება.

“მუდმივად გვესმის მოლაპარაკებების შესახებ. იყო მედიაციის მცდელობა ბატონი დანიელსონის მხრიდან, ვიცი, რომ ის ამ დრომდე თბილისში იმყოფება და იმედი მაქვს, რომ შედეგს მოიტანს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს რაიმე ვალდებულება მმართველი გუნდის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ინიციატივა სწორედ მმართველმა პარტიამ უნდა აჩვენოს. ველი რომ დღევანდელი შეხვედრები ბრიუსელში დაარწმუნებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომ დროის გარკვეული ლიმიტი აქვს და ჩვენ რეალურ გეგმას ველოდებით”,– ამბობს ევროპარლამენტარი მთავარ არხთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვოს ევროკავშირის წევრობა.

ხანდახან მგონია, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ შეთანხმებებს, რომელსაც ჰქვია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება. ეს შეთანხმებები არის საგზაო რუკა, ვიტყვი, რომ არაფერი მოხდება, თუ ეს შეთანხმებები არ შესრულდება. ისინი მართლაც ყოვლისმომცველია და არის შეთანხმებული დოკუმენტები. საქართველომ გამოხატა თავისი ნება, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ ასოცირების შეთანხმება არსებითია. ამ ეტაპს ვერ გადაახტებით და ისე ვერ მოითხოვთ წევრობას”, – თქვა ავსტრევიჩუსთან.