ღვთის ანაბარა გავუშვით ბავშვები სკოლაში ხომ?– ელისაშვილი ტიკარაძეს

მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, რატომ არ არის ქვეყანაში ამ დრომდე ვაქცინა.

,,კოვაქსის პლატფორმის გარდა, იყენებთ თუ არა რაიმე გზებს, ან საშუალებებს იმისათვის, რომ ვაქცინა მოვიპოვოთ? რატომ არ დაიჭირა თადარიგი თქვენმა უწყებამ და სამინისტომ, რომ ვაქცინა დროზე შემოგვეტანა? ისრაელის ნახევარ მოსახლეობაზე მეტი აცრილია და ამის შემდეგ დაიწყეს ქვეყნის გახსნა, ჩვენთან როგორ ხდება? კი, გაგიჟდნენ ბავშვები სახლში ყოფნით, უნდოდათ საჯარო სკოლებში წასვლა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ვაქცინა შემოტანილი არ არის და ასე ღვთის ანაბარა გავუშვით ბავშვები ხომ? არ ვიცით როგორი შედეგები იქნება, ლოგიკური იქნებოდა, რომ პირიქით მომხდარიყო”,– ამბობს ელისაშვილი.

მან ჯანდაცვის მინისტრის წამლების სიძვირის მიზეზის ახსნაც თხოვა.

“იქნებ აგვიხსნათ, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი მედიკამენტები, პენსიონერები ლამის მთელს პენსიას აფთიაქში ტოვებენ და გროშები რჩებათ, რომ წამლებთან ერთად იყიდონ საკვებიც. ვიცით უამრავი მაგალითი, რომ გვერდზე ქვეყნებში მედიკამენტები უფრო იაფი ღირს და ანალოგიური ღირს ჩვენთან გაცილებით ძვირი, რატომ ხდება ეს და რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ ასე ცეცხლი არ ეკიდოს მედიკამენტებს?“, – მიმართა ელისაშვილმა ტიკარაძეს.