გირჩი – მეტი თავისუფლება: ღია სივრცეში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის “პოსლეზე” გაჯარიმებენ

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” აცხადებს, რომ პოლიცია ადამიანებს ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო აჯარიმებს, თუმცა კანონი ჯერ მიღებული არ არის.

“ცნობისთვის, ღია სივრცეში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის პოლიცია “პოსლეზე” გაჯარიმებთ.

შესაბამისი კანონის პროექტი დარეგისტრირებულია პარლამენტში 2020 წლის 2 დეკემბერს, თუმცა ჯერ მიღებული არ არის”,– წერს გირჩი.

პარტია განცხადებას თან ურთავს პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთულ კანონპროექტს, რომლის ავტორი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა.

საიტზე არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ კანონპროექტი 2020 წლის 16 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მისი განხილვა დაევალა.

“გირჩი – მეტი თავისუფლება” ირწმუნება, რომ ამ გარემოებებში გამოწერილი ჯარიმა უკანონოა და დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების გასაჩივრებაში დახმარებას სთავაზობს.