ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს – ლეონ გელოვანი მეუფე შიოს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ლეონ გელოვანი პატრიარქის მოსაყდრე შიოს განცხადების ეხმიანება და ამბობს, რომ “ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს”.

ის მეუფე შიოს თავისივე ძველ ქადაგებებს ახსენებს, სადაც მეუფე მრევლს მიტევებისკენ მოუწოდებს.

“მიტროპილიტ შიოს ჭკუა და გონიერება რომ მაინცდამაინც არ უჭრის, მასთან პირველივე საუბრისასვე შევნიშნე, თუმცა სახარების მოკლე შინაარსიც თუ არ ექნებოდა წაკითხული, მაინც არ მეგონა. საბავშვო სახარებები იყიდება, სულ რამდენიმე გვერდია და ფერად ფურცლებზეა ნაბეჭდი, ადვილი წასაკითხია უწიგნური კაცისთვისაც, თუნდაც მას მაინც რომ გადახედოს, აუცილებლად ნახავს რა იგულისხმება ,,მოკვეთაში” და რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს.

თუმცა სახარება რა მოსატანია მეუფე შიოსთვის, იქიდან არ დავიწყებ ციტატების ძებნას, როცა საქართველოში გვყავს თეოლოგიის დოქტორი, მეუფე შიო მუჯირი და მისი ძველი ქადაგების სიტყვებს მოვიყვან – ” თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე- აზრი არ აქვს”, ”მიუტევებელი წყენა, როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, (18.02.2018) “სულიწმინდა ვეღარ მოვა შენთან, თუ შენ არ პატიობ შენს მოყვასს, თუ გულში გაქვს მიუტევებელი წყენა, მრისხანება” (01.03.2020)” , – წერს ლეონ გელოვანი Facebook-ზე.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

პატრიარქის მოსაყდრე შიომ გუშინ საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით თქვა, რომ “სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს ბოროტება” და ზოგიერთი ადამიანი უნდა “მოიკვეთოს”.