ღონისძიებისთვის ფართის გაქირავება იკრძალება – შრომის ინსპექციის უფროსი

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სახლებისა და სხვა სივრცეების ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება და 10 ათას ლარიანი ჯარიმით ისჯება.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.

ფერაძის განცხადებით, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას აცნობოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი განაცხადებს, რომ მან იჯარის ხელშეკრულებაში ჩადო სოციალური ღონისძიების აკრძალვის პირობა, თუმცა დამქირავებელმა ეს დათქმა არ შეასრულა. ბექა ფერაძე განმარტავს, რომ შეისწავლიან, იყო თუ არა ინფორმირებული მფლობელი ფართით სარგებლობის რეალური მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ბექა ფერაძის თქმით, მსგავს არგუმენტს იმავე ფართის მეორედ და მესამედ გაქირავების შემთხვევაში საფუძველი ვერ ექნება და, შესაბამისად, მფლობელებისთვის სანქციებისგან თავის დაღწევის ეს მეთოდი ვერ იმუშავებს.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმდება მოიჯარე ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარით, რაც ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს. მისი განცხადებით, ახალი წესები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.