ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.
“აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს”, – თქვა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.















