აშშ-ის სახეწლმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების სახით 5 მილიონ დოლარს გამოყოფს.
“სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს განცხადება
შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ ახალ დახმარებას აცხადებს შეერთებული შტატები მიესალმება საომარი მოქმედებების შეწყვეტას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეერთებული შტატები მოუწოდებდა ძალადობის დასრულებისკენ და გმობდა სამხედრო ესკალაციას, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზიარებთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
ბოლოდროინდელი ბრძოლის დასასრული მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე გადაჭრისთვის. მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში. შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში.
ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები $5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფს, რათა მხარი დავუჭიროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოს საბრძოლო მოქმდებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს. ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით.”- ნათქვამია განცხადებაში.