პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს დღეს ყველაზე მეტად “ლელოსი” ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა.
“ის, რაც შეძლო “ლელომ” ამ ერთი წლის განმავლობაში, იყო უპრეცედენტო; ჩვენ ერთად, დიახ, თქვენთან ერთად, უმოკლეს დროში შევქმენით პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა “ლელოს” არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში “ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე სწორედ “ლელო” იყო, რადგან მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს “ლელოსი” ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია იმიტომ, რომ “ლელო” ახალი, სუფთა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მქონე პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
ჩვენ არ ვმარცხდებით! “ლელოს” და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ! ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის”, – წერს მამუკა ხაზარაძე.