ყველაზე მძიმე დარტყმები ირანისთვის ჯერ კიდევ წინ არის– მარკო რუბიო

ყველაზე მძიმე დარტყმები ირანისთვის ჯერ კიდევ წინ არის. აშშ ხვალ დაიწყებს პროგრამის განხორციელებას, რომელიც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შერბილებაზე იქნება მიმართული, — განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ ოპერაციაში აშშ-ის მთავარი მიზანია ირანის ბალისტიკური რაკეტების, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების განადგურება.  რუბიომ ხაზი გაუსვა იმ საფრთხის აღმოფხვრასაც, რომელსაც ირანის ფლოტი თავისუფალი ნავიგაციისთვის წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ირანის ფლოტი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს — ერთგვარ „ბოთლის ყელს“, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით 25% გადის.

ექსპერტების შეფასებით, ჰორმუზის სრუტის დებლოკირება აშშ-ისთვის მარტივი ამოცანა არ იქნება, რადგან ირანი აკონტროლებს სანაპირო ზოლს და ფლობს გემების საწინააღმდეგო რაკეტებს, უპილოტო აპარატებს, სწრაფმავალ კატერებსა და საზღვაო ნაღმების განთავსების შესაძლებლობას. სრუტის ვიწრო აკვატორია ნებისმიერ გემს სანაპიროდან და ჰაერიდან განხორციელებული დარტყმების მიმართ მოწყვლადს ხდის.

თუნდაც სამხედრო უპირატესობის პირობებში, ოპერაცია მოითხოვს მასშტაბურ განნაღმვით სამუშაოებს, სანაპირო სარაკეტო კომპლექსების განეიტრალებას და მუდმივ საჰაერო დაფარვას, რაც ზრდის კონფლიქტის პირდაპირი ესკალაციისა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურების რისკს.