ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბელორუსის ისტორიაში. ლუკაშენკოს გადადგომას დღეს უკვე ასეულ ათასობით ადამიანი ითხოვდა

ბელორუსის პრეზიდენტის ,ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მინსკში, შედგა. სხვადასხვა შეფასებებით “გმირი ქალაქის სტელასთან“და მიმდებარე ქუჩებზე 200 000–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ხალხი ლუკაშენკოს გადადგომის და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების  გარდა იმ ძალიოვანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეები დაარბიეს, დაიჭირეს და დაპატიმრებულებს სასტიკად გაუსწრდნენ.

მოწინააღმდეგეთა აქციის დაწყებამდე დღეს მინსკში ლუკაშენკოს მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს მოუყარეს თავი. ლუკაშენკო მიტინგზე ამტკიცებდა, რომ არჩევნებში 80% აიღო და შეკრებილებს ნატოს ჯარებით აშინებდა.

ოფიციალური მონაცემებით მის მხარდამჭერ აქციაზე 50–დან 70 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, პორტალმა TUT.BY-მ ვებგვერდ MapChecking–ის საშუალებით დათვალა, რომ დამოუკიდებლობის მოედანზე 10 დან მაქსიმუმ 31 ათასი ადამიანი შეიძლებოდა შეკრებილიყო, ხალხის სიმჭიდროვიდან გამომდინარე.

“მინსკის–გმირი ქალაქის “ სტელასთან კი, სადაც ოპოზიციის აქცია გაიმართა, TUT.BY-ს მონაცემებით დაახლოებით 220 000 ადამიანი შეიკრიბა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მინსკის ცენტრში 12 საათზე ლუკაშენკოს მხარდამჭერი მიტინგი იგეგმებოდა. ადგილზე მომუშავე მედიის ინფორმაციით ხალხი იქ ავტობუსებით სხვადასხვა ქალაქებიდან ჩაიყვანეს. ლუკაშენკო კი მიტინგზე დაგვიანებით, 14 საათზე გამოჩნდა და “მშიერი 90–იანების“ გახსენება დაიწყო. ლუკაშენკომ კატეგორიულად უარყო განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და თქვა, რომ ახალი არჩევნები დასავლეთს უნდა.

 

“ვიღაცას ახალი არჩევნები უნდა. გაიხედეთ ფანჯარაში! ნატოს ჯარები ჩვენს საზღვრებთან დააბოტებენ. ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა გვიბრძანებენ ახალი არჩევნები ჩავატაროთ. მათ ბრძანებას რომ დავემორჩილოთ, ისეთ შტორმში მოვხვდებით, ჩვენს საჰაერო ხომალდს ვეღარასდროს დავასტაბილურებთ“– თქვა ლუკაშენკომ და მასობრივ პროტესტში მონაწილე ადამიანები ვირთხებს შეადარა, რომლებსაც “უცხო ადამიანები მართავენ.“

ამ დროს გამარჯვებულთა გამზირზე მდებარე სტელასთან, სადაც ერთი კვირის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ სულ პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, ხალხმა დაიწყო შეკრება. „წადი!“– ეს არის ხალხის მთავარი მოთხოვნა.

შეკრებილების წინაშე  მარია კოლესკნიკოვა გამოვიდა სიტყვით, რომელიც პრეზიდენტობის მეორე ადგილზე გასული კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თანამებრძოლი და ოპოზიციის გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელია. მან თქვა, რომ ბელორუსების მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სასწრაფოდ გადადგომაა.

აქციის შემდეგ მონაწილეთა ნაწილმა №1 საგამოძიებო იზოლატორთან გადაინაცვლა, სადაც ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი ზის. ის სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარია, რომელმაც პრეზიდენტობაზე კენჭი სწორედ იმის გამო იყარა, რომ მისი ქმარი პოლიტპატიმარია.

 

მინსკის აქციის პარალელურად მაშტაბური აქციები გაიმართა დღეს ბელორუსის სხვა ქალაქებში.

ბელორუსში საპროტესტო აქციები უკვე მერვე დღეა გრძელდება. პროტესტი მაშინ დაიწყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ლუკაშენკომ 80% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი მხოლოდ 10%. მომიტინგეების სასტიკ დარბევას და ათასობით ადამიანის დაპატიმრებას კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა. ლუკაშენკო იძულებული გახდა დაპატიმრებულთა დიდი ნაწილი გაეთავისუფლებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულებმა მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაიწყეს მოყოლა და საკუთარი დაზიანებების დემონსტრირება, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა.

ლუკაშენკოს არჩევნებს არ აღიარებს დასავლეთი. ევროკავშირი მის სანქცირებაზე მუშაობს.