ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებით ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო.
„რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა ზიანი, თუმცა სასწორის მეორე მხარეს იდო სულ სხვა ღირებულება – არა რაღაც დროებითი ზიანი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხე, რომლისკენაც მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია. ეს საფრთხე თავიდან აცილებულია. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო და კანონს წინ ვერავინ დაუდგება“, – განაცხადა სუბარმა იმედის ეთერში.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხის წინაშე დავდგებოდით.
„ჩვენ გვაქვს რთული მოცემულობა, რადგან გვყავს ოპოზიცია, რომელიც არად დაგიდევს სახელმწიფოს, კანონს, კონსტიტუციას, თავისი ამომრჩევლის ხმას; ისინი ამბობენ, რომ არ შევლენ პარლამენტში. მათი მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა. სასწორის პინაზე იდო ერთის მხრივ სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობა, კანონის უზენაესობის უგულვებელყოფა და მეორე მხრივ, კანონიერების, წესრიგის აღდგენა ქვეყანაში. ჩვენ ბუნებრივია, მეორე გზით წავედით. ბუნებრივია, ნებისმიერ ქმედებას ახლავს გამოწვევები. ნებისმიერი კრიმინალი დაკავებას ახლავს გამოწვევა. კრიმინალის დაკავებისას გარკვეული ზიანი შეიძლება სახელმწიფოს მიადგეს“,– განაცხადა სუბარმა.