ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან – უგულავა

„ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, ვიდრე მასში არ მონაწილეობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება და ბუნებრივია, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. შემხვედრი ნაბიჯი, ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის, იმიტომ, რომ 16 მარტს, როცა ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, ქართული მხარე კონკრეტული წინადადებებით უნდა წარსდგეს. ამ წინადადებებს სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება, შესაბამისად დრო არის ძალიან ცოტა. ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან, იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული. შედეგში იგულისხმება პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებთან მისასვლელი გზა, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის“, – განაცხადა უგულავამ.