ყველას დაურეკეს მეტრეველის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი არ გასულიყო, მუქარებით ვერ შემაშინებთ – ყორშია

გუშინ ყველას დაურეკეს მეტრეველის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი არ გასულიყო, მუქარებით ვერ შემაშინებთ – წერს ამის შესახებ, “მთავარი არხის” ჟურნალისტი ბექა ყორშია. საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც ბექა ყორშია მეტრეველს ნეპოტიზმსა და კორუფციაში ამხელს.

“გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბტნი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ.

იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზეც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ – 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ. მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია”, – წერს ბექა ყორშია.