ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველანაირი პროგნოზი პირობითია – გახარია კორონავირუსის პიკზე

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ, თუმცა ყველანაირი პროგნოზი პირობითია.

მისი თქმით, კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის და ეკონომიკისთვის.

,,ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი.

ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის,“- განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 214 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.