შეერთებული შტატების სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე სენატორმა ჯინ შაჰინმა და მისმა რესპუბლიკელმა კოლეგა რონ ჯონსონმა “ამერიკის ხმის” შეკითხვაზე 19 აპრილს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების ტექსტი გაუგზავნეს.
“ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ დემოკრატიული დაპირების შესრულებაში და ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის, რომ ექვსი თვის შემდეგ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად”, განაცხადეს სენატორებმა.
“საქართველოს პოლიტიკურ ბედს გავლენა აქვს არა მხოლოდ უშუალოდ მის ხალხზე, რომელიც ახლა პოლიტიკური არასტაბილურობასა და ეკონომიკურ სირთულეებთან ერთად კოვიდ-19-ის კრიზისის გავლენებსაც განიცდის, არამედ ის მსოფლიოში დემოკრატიების მდგომარეობის თვალსაზრისითაც მაჩვენებელია.
გუშინდელი შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია ცოცხალი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიის შექმნის მიმართულებით. ჩვენ ახლა ყველა მხარეს მოვუწოდებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ გაერთიანდნენ შეთანხმების სრულად შესასრულებლად, რაშიც მომავალში ჩიხური მდგომარეობის პრევენციისთვის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები შედის. ჩვენ მზად ვართ საქართველოს მთავრობას და მის ხალხს დახმარება გავუწიოთ ისეთი ქვეყნის აშენებაში, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ემსახურება და გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს“, ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში.
წყარო: ამერიკის ხმა