NCDC-ის ხელმძღვანელი პედაგოგებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს, რათა სწავლის დაწყება აუდიტორიებში შეძლენ.
მისი თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის რთულია ონლაინ სწავლა, ამიტომ მათმა მშობლებმა აცრა უნდა გაიკეთონ.
“განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში – სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რათა ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, არ შეიძლება… განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის, პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა. გაითავისოს თითოეულმა მშობელმა. ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს?! აიცრას თითოეული მშობელი”,– ამბობს ის რუსთავი 2-თან საუბრისას.
ცნობისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. შეზღუდვა ეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსაც.