“ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ”–მელია, “ასეა ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!“–მელაძე

ტვ პირველის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პასუხობს, რომელმაც  უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ვრცელ ფეისბუქ ლაივში ტვ პირველზეც ისაუბრა და მათ პრეტენზიებს უპასუხა. ტვ პირველის ჟურნალისტებმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ უკრაინაში ვიზიტის შესახებ მათ არხს არ შეატყობინა. არხის რეაქციით ნიკა მელია უკმაყოფილოა. “შეიძლება გეწყინოს, შეიძლება გული დაგწყდეს.. მაგრამ ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ. “–თქვა მელიამ. მის განცხადებებს ნოდარ მელაძის ფეისბუქ სტატუსი მოჰყვა:

“ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” –

ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.

კი, ასეა ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!

საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.

მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.

მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.
მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.

ჯამი ჭურჭელია , თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.

თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.
ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს!“– წერს ნოდარ მელაძე.

ნიკა მელიამ გუშინ ვრცელ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა კიევში ვიზიტზე და ქართული მედიის რეაქციაზე, რომლის დიდმა ნაწილმა ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა:

“ვინმეს თუ გონია გავიპარეთ კიევში ისე რომ მედიასაშუალებებს არ ვუთხარით, ეს ასე არ არის.

ყველაფერში სიცხადე უნდა შევიტანო. აქ კი ნამდვილად შეცდომებს ვუშვებდი, მეგონა ბევრი რამე თავისით გაცხადდებოდა. არ გაუჭირდება ჟურნალისტებს…. 11 აპრილს იყო უკვე ჩვენი ბილეთები ნაყიდი. საუბარიც კი არ იყო მაშინ დაწყებული შალვა პაპუაშვილის ვიზიტზე. რატომ გონია ვინმეს, ჩემთვის საპატივცემულო ჟურნალისტსაც კი, რომ მე გიორგი მარგველაშვილს ვაკადრებდი, რომ მოდი გიორგი ახლა უცებ ჩავასწროთ შალვა პაპუაშვილს. ვის გახსენებია შალვა პაპუაშვილი.ან გიორგი მარგველაშვილი მართლა გონია ვინმეს, რომ თავის თავს აკადრებდა იმას, რომ ან ჩემთვის ეთქვა ან ოპოზიციის რომელიმე წევრისთვის, რომ მოდი რა სწრაფად ჩავიდეთ. ვის აინტერესებდა ხალხო საერთოდ.

მესმის მედიის წარმომადგენლებისაც, მესმის ნოდარ მელაძისაც, იმიტომ რომ ნუ, ეგოისტურად მას უნდა, რომ ყველაფერი მის საინფორმაციო გამოშვებაში იყოს. მაგრამ ნოდარ მელაძე კიარა, ჩემი პარტიის წევრებმა და მეგობრებმა არ იცოდნენ იქ რომ მივდიოდი ხალხო.

როგორ შეიძლება ნოდარ მელაძეს მე ის დავუკარგო რასაც აკეთებს, ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტია. ამ ქვეყნისთვის ბევრი გაუკეთებია, ბევრს გააკეთებს, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ თურმე ის ცდილობდა ჩვენი და ქართული ოცნების შერიგებას, ერთობის დემონსტრირებას უკრაინაში, და ნაციონალური მოძრაობა იქცა ბუზი მალამოში, და ჩვენ ჩავშალეთ ეს პროცესი. რა, რა და ამ შეფასებას და ფორმულირებას უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ არაუშავრს, ნერვებმა უმტყუნა, არაუშავრს, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ თანამშრომლობას, მაგრამ დღის წესრიგს, როგორც პოლიტიკოსი მე ვგეგმავ, ჩემი მოქმედების ფარგლებში და როდის ვის რა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადასაწყვეტია და ასე იქნება მომავალში.

არ მითქვამს არასოდეს არცერთი მედიასაშუალებისთვის, პოსტვ–ს და იმედს თუ არ ჩავთვლით კომენტარის გაკეთებაზე.

მაგრამ ახლა ხო არსებობს…. შეიძლება გეწყინოს, შეიძლება გული დაგწყდეს.. მაგრამ ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ. მაგრამ ამ ბრძოლაში როგორც ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა თქვა, ყველაფერი დასაშვებია ომში და სიყვარულშიო. დიახაც, ომში ვართ და მე გული არ მწყდება, მე გული არ მწყდება იმაზე, რომ დღესაც, ნოდარ მელაძე დილიდან, დილით ჩამოვედი დღეს 8 საათზე, საინფორმაციო გამოშვებებში ატრიალებს, რომ აბა, მელია ჩამოფრინდა და რას აკეთებს მიშას გასათავისუფლებლად.

როდესაც მიდის და მშობლებს, ბ–ნ ნიკას, ქალბატონ გიულის ეკითხება, პარტიაზე ნაწყენი ხომ არ ხართ…ერთის მხრივ ვამბობდეთ, რომ რუსი შემოგვესია, რომ სახელმწიფოებრიობა  გარდაცვალების პირასაა და მეორეს მხრივ, ჩემის აზრით დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამდეთ….

არ მომწონს, კატეგორიულად არ მომწონს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ოკუპირებული სახელმწიფოს გათავისუფლების პროცესში ვართ და ახლა თავს ვიცავთ როგორც მინიმუმ ამ დროს შუღლის გაღვივების მცდელობები, ვინც არ უნდა იყოს ის, გულახდილად და ღიად ვისაუბრებ ყველაფერს. არასოდეს პოლიტიკურ პროცესებში არ მითამაშია. ჩემი ხელწერა ასეთია, საჯაროდ ვდგამდი ყოველთვის ნაბიჯებს. იქნება ეს ჟურნალისტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ვინც არ უნდა იყოს, მასთან მიმართებაშიც  ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი. არ ეწყინებათ იმედია ჟურნალისტებს, რომ საჯაროდაც მომიწევს მე საუბარი და ცალ კარში თამაში მეგობრებო არავითარ შემთხვევაში არ გამოვა.“– თქვა ნიკა მელიამ.