“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, თორემ ქვეყანა კრიზისში გადაიჩეხება.
“ამ წუთიდანვე არის ყველაფერი გასახსნელი და ეს მგონია, რომ არის დღეს ამ ქვეყანაში ნომერ პირველი პრიორიტეტი. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თემა, რომელიც დღეს არის აქტუალური. საუბარი რეფორმებზე შინაარსსმოკლებულია, თუ ეკონომიკა არ გაიხსნა, თუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, გადაადგილება შეძლონ, დასაქმება შეძლონ, დოვლათის შექმნა და ერთმანეთში გაცვლა შეძლონ, ეს არის საბოლoო ჯამში ეკონომიკა. ამას თუ არ გავაკეთებთ, გადავიჩეხებით”, – აცხადებს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია, დარჩებიან ისინი სახლში თუ გავლენ და იმუშავებენ.
ჯაფარიძის აზრით, მთავრობას ხალხი დამონებული ჰყავს და “მონობა გადასაგდებია”.
“თუ ვიღაცას ეშინია, სახლიდან ნუ გამოვა და თუ აქვს ამის შესაძლებლობა, რომ მშიერი არ იყოს და სახლში იჯდეს, იჯდეს, არავინ არავის ექაჩება გარეთ. მაგრამ მე თუ არ შემიძლია სახლში ჯდომა, იმიტომ რომ შვილები მყავს შესანახი, მაშინ მე გავალ გარეთ და ვიმუშავებ. ვინც ჩემთან ერთად მოვა და რაღაცას გააკეთებს, ესაც მისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია. ჩვენ თუ რაღაცას შევქმნით და ამ რაღაცას გავყიდით, ვიღაცა მოვა და იყიდის, ესე იგი მასაც სხვა გზა არ აქვს და ესაც მისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია.
არავის საქმე არ არის, არცერთი მთავრობის, არც პოლიციის, არც შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის, რომ ჩვენ ამაში ხელი შეგვიშალოს. დამონებული ვყავართ ახლა მთავრობას და ეს მონობა არის გადასაგდები”,– ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.