ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა მალე ჰქონდეს – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოსატანად ყველაფერს გააკეთებს.

“Covid-19-ის პერიოდში ევროპამ საქართველოს ძლიერი სოლიდარობა აჩვენა და ამას გააგრძელებს კიდეც. ამ კრიზისის დასაძლევად ჩვენ 400 მილიონი ევროს მობილიზება შევძელით. ამ მომენტში მთავარი გამოწვევა ვაქცინაციაა. ევროკავშირი კოვაქს პროგრამის მთავარი დონატორია. ამის წყალობით იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაშიც მოხდება ვაქცინის დისტრიბუცია და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა”. – თქვა მიშელმა ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მან ყურადღება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზეც გაამახვილა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.