რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას 5-წუთიანი ვიდეოთი მიმართა სადაც, კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის, აჯანყებას “ღალატი” უწოდა.
ვლადიმერ პუტინმა, მომხდარი 1917 წლის მოვლენებს შეადარა და პირობა დადო, რომ ყველა მონაწილე დაისჯება.
- “სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როცა ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. მაგრამ მას გამარჯვება მოპარეს. ინტრიგები, განხეთქილება, პოლიტიკოსობა არმიისა და ხალხის ზურგს უკან გადაიქცა უდიდეს რყევად, არმიის ნგრევად და სახელმწიფოს დაცემად, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვის შედეგად. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ – სამოქალაქო ომის ტრაგედიები. რუსები რუსებს ხოცავდნენ, ძმები – ძმებს, ყველანაირ მოგებას კი ნახულობდნენ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ავანტიურისტები და უცხოური ძალები, რომლები ქვეყანას ანაწევრებდნენ, გლეჯდნენ.ამის განმეორებას არ დავუშვებთ. დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხისგან. მათ შორის საშინაო ღალატისგან.” – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსი ხალხის ბედს წყვეტს და ის ყველა ძალის ერთიანობას, კონსოლიდაციას ითხოვს და გვერდზე უნდა გადადონ ყველა განხეთქილება, რომლითაც მტერს სარგებლობა შეუძლია.
- “მაშასადამე, ქმედებები, რომლებიც ჩვენს ერთობას ხლეჩს, ფაქტობრივად, არის განდგომა საკუთარი ერისგან, საბრძოლო ამხანაგებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან. ეს არის ზურგში დარტყმა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის”. – თქვა პუტინმა.
პუტინმა პირობა დადო, რომ ყველას, ვინც აჯანყების გზას დაადგა, “გარდაუვალ სასჯელი ექნებათ”.
- “დონის როსტოვში ვითარების დასასტაბილურებლად გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული. ის რჩება რთული – ფაქტობრივად, სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა დაბლოკილია. […] როგორც რუსეთის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული და პასუხს აგებს”, – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, 23 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ფაქტობრივი სამხედრო გადატრიალება წამოიწყო და როსტოვში ადმინისტრაციული შენობები დაიკავა.