ყველა ევროპელმა ლიდერმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა,და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები-ბორელი

მიუნხენის კონფერენციაზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ პანელური დისკუსიისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ყველა ევროპელმა ლიდერმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ “უკრაინა და მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები”.

ჯოზეფ ბორელმა უპასუხა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ილვესის კითხვას ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიღებისადმი დამოკიდებულებაზე.

„არის თუ არა ევროკავშირი სერიოზული იმ ქვეყნების კავშირში მისაღებად, არის ევროკავშირი მზად, მიიღოს დამატებით 44 მილიონი ადამიანი, ვისაც რუსეთის ქცევის გამოცდილება აქვს“ – იკითხა ილვესმა. მისი თქმით, იმავდროულად “ბოლო 1 წელია გვესმის, რომ აღმოსავლეთ ევროპელები არიან თაღლითები და ომის წამქეზებლები… ნამდვილად უნდა ევროკავშირს შეიერთოს მეტი “ჩვენგანი” ვისაც ემპირიული გამოცდილება აქვს რუსეთთან და გახეთქოს “ხალხების მეგობრობის” და ტოლსტოისა და დოსტოევსკის შესანიშნავი კულტურის შესახებ რწმენების “ბუშტი”?” – განაცხადა ტომას ილვესმა.

ბორელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დაწყებულია, საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა და მოთხოვნების დაკმაყოფილება, რის გარეშეც ბლოკში გაწევრიანება ვერ მოხდება.

„ევროკავშირის გაფართოებაზე არ ვიცი რა არის იმაზე მეტი სათქმელი, რაც ევროპელმა ლიდერებმა უმაღლეს პოზიციებზე უკვე არ თქვეს – ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და ყველა ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების. რისი დამატება შემიძლია? ისინი ჩართულები არიან, ეს პროცედურები იმდენად სწრაფად გაიარეს რამდენადაც შესაძლებელი იყო, პროცედურები ისევ რჩება. ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს სისტემა პროცედურების გარეშეა – ისინი იქაა და შესრულებაა საჭირო. გაფართოების წესები არაა ჩემი სპეციალობა, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი აქ და ამ ოთახის მიღმაც კიდევ და კიდევ აცხადებს, რომ უკრაინა და მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და პროცესი ღიაა. მაგრამ ნუ დაელოდებით რომ ეს ერთ ღამეში, რაღაც მოთხოვნების შესრულების გარეშე მოხდება“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.