ყველა ვინც “ქართული ოცნების” სიაში აღმოჩნდება, აბაზოვია – ნაცვლიშვილი

ლელოს ერთერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი საზოგადოებას სიახლე შესთავაზოს, ამიტომ მმართველი გუნდი ყველაზე ოდიოზურ ფიგურებზე დებს ფსონს.

ის თემურ აბაზოვის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან თქვა, რომ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იქნება. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აბაზოვმა მოსახლეობას თავი გააცნო, როგორც უღირსი საქციელის მკადრებელმა ადამიანმა.

“მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა რომ აბაზოვს “ქართული ოცნება” სიაში იწვევს, ეს აღარ არის აბაზოვის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ვინც “ქართული ოცნების” სიაში აღმოჩნდება, აბაზოვია. როდესაც არ გაწუხებს რომ შენი თანაპარტიელი ასეთი ქმედების ჩამდენია და მზად ხარ მასთან ერთად იყო გუნდში, ნიშნავს, რომ შენც იმავე ღირებულებების გამზიარებელი ხარ. ეს სერიოზული განაცხადია “ქართული ოცნების” მხრიდან. მმართველობის 8 წლის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” სხვა რესურსი არ აქვს, დგას აბაზოვებზე და ადამიანების დამცირებაზე. გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო, არის სამარცხვინო. აბაზოვს კანონის წინაშე პასუხი უნდა ეგო”,– ამბობს ლელოს ლიდერი.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ თემურ აბაზოვი თავის თავში აერთიანებს ყველა იმ სისტემურ პრობლემას, რომელიც “ქართული ოცნების” პრობლემაა. “ეს არის დაუსჯელობა და უტიფრობა”.

ცნობისთვის, მმართველი პარტია უარყოფს მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ ის ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება.

“არ განიხილებოდა და არც განიხილება”,- აცხადებენ “ოცნებაში” აბაზოვზე.

იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს .

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. ის შემდგომ რუსთავის სასამართლომ გაამართლა.