20 აპრილს ახალგაზრდა მედდა, სოფი ბრაიანტ მაილზი დასავლეთ იორკშირის საგრაფოს ქალაქ ბრედფორდის საავადმყოფოში თავის პირველ ღამის მორიგეობაზე მივიდა.
ცვლის გადაბარებისას გაიგო, რომ განყოფილებაში უამრავი სამედიცინო პრობლემით დატვირთული ახალგაზრდა კაცი იწვა, რომელსაც სავარაუდოდ Covid 19–იც ჰქონდა. მას უთხრეს, რომ კაცი სავარაუდოდ ვერ გადარჩებოდა და საავადმყოფო მისთვის პალიატიურ დახმარებას ახორციელებდა.
მისი საწოლის სიახლოვეს სოფიმ დაინახა ქალი სრული დამცავი ეკიპირებით: ნიღბით, ხელთათმანებით, სპეციალური წინსაფრით, თვალებზე გამჭვირვალე დამცავი ეკრანით.
ქალი ავადმყოფის საცოლე აღმოჩნდა. ისინი უკვე 15 წელი ერთად იყვნენ, შეეძინათ ქალიშვილი, თუმცა დაქორწინებას თავი ვერ მოაბეს – ხან ფული არ ქონდათ, ხან დრო.
სიტუაცია სულისშემძვრელი იყო და სოფიმ გადაწყვეტილება მიიღო: მან საავადმყოფოს კაპელანს, ჯო ფილდერს დაუძახა და კითხა, შეეძლო თუ არა წყვილი დაუყოვნებლივ დაექორწინებინა.
ჯომ უთხრა, რომ შეეძლო მხოლოდ საქორწილო ცერემოანიალის საზეიმო ნაწილი ჩაეტარებინა. ამ ქორწინებას კანონიერი ძალა არ ექნებოდა, თუმცა წყვილს შესაძლებლობა ექნებოდა ერთმანეთისთვის ეთქვა საოცნებო სიტყვები “თანახმა ვარ“ და სიკვდილამდე ერთგულების ფიცი დაედოთ.
“მოკლედ, რიტუალი ეკლესიის მსგავსი იქნებოდა, თუმცა საავადმყოფოს პირობებში.
ჯომ უცებ მოიფიქრა და წყვილისთვის ფოლგისგან ბეჭდები დაამზადა, FaceTime-მათ ქალიშვილს დაურეკა, რათა ისიც ვირტუალურად მაინც დასწრებოდა ცერემოანიალს.
ცერემონია ძალიან ემოციური გამოვიდა. ჯომ წყვილის სახელობითი ბროშურების მომზადებაც მოასწრო სიმღერის ტექსტებით და ლოცვებით, რომლებიც ცერემონიალზე დამსწრეებმა წარმოთქვეს.
პატარძალი გაგებით მოეკიდა იმას, რომ ექიმების მსგავსად მასაც სრულ დამცავ კოსტუმში მოუწევდა ყოფნა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ყველა სიხარულით ჩაერთო ამ ამბავში.“– ყვება სოფი.
მისი თქმით, საავადმყოფოს პერსონალმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქორწილი მაქსიმალურად დამსგავსებოდა ნამდვილს. ტორტიც კი მოახერხეს და პატარა ფოტოსესიაც მოაწყვეს.
“ქალს მშვენივრად ესმოდა, რომ მის საყვარელ მამაკაცს რამდენიმე საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მათ იცოდნენ, რომ ბოლოჯერ აკეთებდნენ რაღაცას ერთად და ეს ძალიან უნდოდათ. ეს მათ ბოლო ერთობლივ მოგონებად დარჩა. ყველა ვტიროდით.“ – ამბობს სოფი.
“სამედიცინო ჩვენებით ის ღამეს ვერ გადაიტანდა, ამიტომაც ჩავატარე ცერემონიალი, რომელიც ძალიან გავდა ეკლესიაში ქორწინებას – ბეჭდების გაცვლით, ფიცის დადებით და ბევრი სხვა ნიუანსით. პაციენტი მთელი ძალით ცდილობდა სიტყვების წარმოთქმას. ზოგჯერ უჭირდა სუნთქვის პრობლემების გამო. ქალიც ძალიან ცდილობდა, ცრემლები ახრჩობდა, ოჯახის წევრები კი ერთდროულად იცინოდნენ და ტიროდნენ. ეს ყველაფერი დამცავ კოსტუმებში ხდებოდა, რაღაც არარეალური იყო, თუმცა პაციენტი მოკვდა იმ განცდით, რომ მნიშვნელოვანი რამ გააკეთა და მისმა ოჯახმაც იცის, რომ მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან. მისი ცოლიც ძალიან მადლიერია, რომ მიეცა საშუალება ფიცი წარმოეთქვა. გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ადამიანები თავს ღირსეულად გრძნობდნენ ნებისმიერ სიტუაციაში, გრძნობდნენ სიყვარულს და ზრუნვას. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მათი სიყვარულის განმტკიცების შესაძლებლობა მომეცა“– ყვება ჯო ფილდერი.
ამ ისტორიას ბიბისი აქვეყნებს, თუმცა წყვილის სახელების და გვარების გარეშე. გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილის ცოლი და ქალიშვილი ჯერჯერობით კომენტარისთვის მზად არ არიან, რადგან ჯერ გარდაცვლილი არ დაუკრძალავთ და ტკივილი ძალიან დიდია. თუმცა ისინი ამ ისტორიის გამოქვეყნებას დათანხმდნენ.