ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს – სენატორი რიში

“ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს “- აცხადებს “ამერიკის ხმასთან” სენატორი ჯიმ რიში. . სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპრების და უნდობლობის კამპანიას მედია სივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს.

„იმედგამაცრუელებლია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“.

რესპუბლიკელი სენატორის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოება კეთილსინდისიერი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის დამთავრება უნდა იყოს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“