ყველა უნარ-ჩვევა აქვს, რომ თავი გაართვას – გაბუნია თალაკვაძის შესაძლო მინისტრობაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძეს ყველა “უნარ-ჩვევა აქვს”, რომ ჯანდაცვის მინისტრობას თავი გაართავს.

“ბატონი არჩილი დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში არის და მე მასთან მქონია პროფესიული ურთიერთობა მანამდე, ვიდრე ბატონი არჩილი იქნებოდა თანამდებობის პირი ან მე ვიქნებოდი თანამდებობის პირი. მას აქვს დიდი გამოცდილება, შესაფერისი ექსპერტიზა და ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია.

აქამდე ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო ბატონ არჩილთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი არ არის რამდენად რეალურად შესაძლებელია ბატონი არჩილის კანდიდატურა განიხილებოდეს ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენციები, რომ ამ ძალიან რთულ გამოწვევას თავი გაართვას”, – აცხადებს გაბუნია.

არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატები არიან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზებზე მას ამ დრომდე არ უსაუბრია, თუმცა როგორც ცნობილია, ეს მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს.