საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება და 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ. გარდა ამისა, გახარიას თქმით, იმ ფერმერებს, ვისაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო ამ სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს გამოუყოფს.
მისივე ინფორმაციით, ამისთვის ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 მაისიდან უნდა მიმართონ.
„დღეს საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა არის 42 000 სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი 2020 წლის განმავლობაში ექნებათ უფასოდ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება, ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით, ეს იქნება გრანტი. ეს ყველაფერი მოქმედებაში შევა და ფერმერებს შეეძლებათ, მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ კონკრეტული დახმარებისა, რომელიც სახელმწიფომ ფერმერებისთვის გამოყო “, – განაცხადა გახარიამ.