„ყველა ჯანმრთელად არის, ყველა მუშაობს“– ლავროვი შოიგუს ავადმყოფობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების უკან უკრაინის სპეცსამსახურები და “რუსი ნეოლიბერალები“ დგანან.

ლავროვი ამტკიცებს, რომ სერგეი შოიგუს ჯანმრთელობის  მდგომარეობის გაუარესების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ რუსმა ჩინოვნიკმა სერბული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

კერძოდ, ლავროვმა განაცხადა, რომ შოიგოს ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ბოდვაა“, რომელსაც უკრაინული სპეცსამსახურები და ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი რუსი ნეოლიბერალები ავრცელებენ. ამ უკანასკნელთ კი, ლავროვის თქმით “დილაობით მიეწოდებათ მასალები, რომლებიც უნდა გაახმოვანონ და ისინიც ახმოვანებენ.“

“ეს ყველაფერი აშკარა ტყუილია. ყველა ცოცხალია, ყველა ჯანმრთელია, ყველა მუშაობს. რეგულარულად შეიძლება ამის ნახვა ტელევიზორით და სოციალური ქსელებით. მთელი მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს“–თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით თავდაცვის მინისტრს შეიძლება გულის პრობლემები ქონდეს. შოიგუ საჯაროდ ორი კვირის მანძილზე – 11–დან 24 მარტამდე არ გამოჩენილია. შემდეგ რუსმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს პუტინის კაბინეტში უშიშროების საბჭოს სხდომისას გადაღებული ვიდეო. სხდომა დისტანციურად ტარდებოდა და ეკრანზე რაღაც მომენტში შოიგუ გამოჩნდა. მას შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრი უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა მედიის ახალ ამბებში.