დასავლური სადაზვერვო თანამეგობრობის წარმომადგენელმა დახურულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყირიმში, საკის ავიაბაზაზე გასულ კვირას განხორციელებულმა შეტევამ შავ ზღვაში რუსეთის საბრძოლო საზღვაო ავიაციის ნახევარზე მეტი გაანადგურა.
“დასავლელ ჩინოვნიკს“, რომლის ვინაობა არ სახელდება (ასეთი ფორმულირების დროს, როგორც წესი, ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენელი იგულისხმებახოლმე) საერთაშორისო მედიის კორესპონდენტები ციტირებენ:
“ასეთი რეიდები დადებითად მოქმედებენ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, თუმცა მთლიანობაში ნარჩუნდება “საბრძოლო უძრაობა““– ციტირებს მის სიტყვებს ბრიფინგზე მყოფი Guardian– ის რედაქტორი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დენ საბაჰი.
დაზვერვის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დაბომბვები ყირიმსა და ხერსონში უკრაინული სპეცრაზმის ან პარტიზანების ნახელავია, თუმცა დეტალებზე არაფერი თქვა.
“ეს არის ადამიანების გასაოცარი სიმამაცის და ახალი შესაძლებლობების კომბინაცია. ვფიქრობ, ჩვენთვის მისაღებია, რომ უკრაინელები დარტყმებს ახორციელებენ მტრის ხაზის სიღრმეში. ისეთი სამიზნეები, როგორიც არის ბელგოროდი, ეს არის ლეგიტიმური სამიზნეები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს არ უქმნის“– ციტირებს მას ტელეარხ ITN– ის ჟურნალისტი ემა ბეროუზი.
სამხრეთში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ჩინოვნიკმა თქვა, რომ რუსეთს ხერსონში და დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე საბრძოლო კონტიგენტის უკმარისობა აქვს.
“რუსეთს აქვს პანტონური ხიდები და ორი საბორნე გადასასვლელი მომარაგებისთვის, რომლებიც დაზიანებულ ხიდებს ცვლიან. მაგრამ ისინი არაეფექტურია საბრძოლო რესურსების შესავსებად“– თქვა დაზვერვის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ახლა ყურადღების ცენტრშია, დასავლელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ უკრაინა და რუსეთი მას “საინფორმაციო ფონის შესაქმნელად“ იყენებენ და ობიექტი საკმარისად მყარია იმისათვის, რომ მასზე სამოქალაქო ავიალაინერის დაცემასაც კი გაუძლოს. “პირდაპირი დაბომბვები არ გვაწუხებს“–თქვა მან, თუმცა დასძინა, რომ მათ სერიოზულად აწუხებთ სხვა საკითხი ელექტროსადგურთან დაკავშირებით – რეაქტორების წყლით გაგრილება. თუ ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები გაჩნდება, საჭირო გახდება ავარიული გენერატორების ამოქმედება. და თუ მათ რამე მოუვათ, მაშინ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით – თქვა ჩინოვნიკმა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში სროლები მარტიდანაა, როცა რუსულმა არმიამ ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიკავა. თუმცა მას კვლავ უკრაინელი ინჟინრები ემსახურებიან.