ყირიმის ხიდზე ისევ აფეთქებებია

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 1 საათისთვის გავრცელდა. გადაიკეტა ყირიმის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თუმცა, მიზეზის დასახელების გარეშე. ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ფოტოები, სადაც ჩანს შავი კვამლი ყირიმის ხიდზე.

ასევე გავრცელდა ვიოდეოები, რომელშიც თვითმხილველები  ურთიერთგამომრიცხავ ამბავს ყვებია. პირველი ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ძირს ნამსხვრევები იყრება. მეორე ვიდეოს ავტორები   ამტკიცებენ, რომ  ყირიმის ხიდს 4 რაკეტამოხვდა.

ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ  რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის ხიდთან, ქერჩის სრუტის მიდამოებში  ორი რაკეტა ჩამოაგდო და ხიდი არ დაზიანებულა.

მისმა მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა კი დიდი რაოდენობით კვამლი იმით ახსნა, რომ სპეცსამსახურებმა ეგრეთწოდებული “კვამლის ფარდა“ გამოიყენეს და პირობა დადო, რომ მოძრაობა ხიდზე უახლოეს მომავალში აღდგებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ყირიმის ხიდთან  2 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო.

ამის შემდეგ ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ხიდზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ნახევარი საათის შემდეგ მოძრაობა ისევ გადაიკეტა. ხელისუფლებამ კი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და სატრანსპორტო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.