ყირიმში დამსვენებელმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ფონზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რითაც მისი ადგილმდებარეობა გათქვა

სოციალურ ქსელებში კვლავ გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც ოკუპირებულ ყირიმში განლაგებული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა– С-400 ჩანს. ამჯერად ფოტოები უცნობმა მამაკაცმა დადო.

მანამდე, კიდევ ერთი ყირიმელი დამსვენებლის ფოტოებზე დაყრდნობით  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ადგილმდებარეობის ფოტოები და კოორდინატები ევპატორიასთან, დამოუკიდებელმა გამომძიებელმა, პენჯამინ პიტეტმა ტვიტერში გამოაქვეყნა.

“ფოტო ადასტურებს ევპატორიასთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას. აღჭურვილობა ადგილზე დაახლოებით 20 ივლისს ჩავიდა“–დაწერა მან.

პიტეტმა მისი გეოლოკაციაც გამოაქვეყნა:  45.1809403, 33.2317835.

დღეს კი  რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა უცნობი მამაკაცის ფოტოები, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა  С-400–ის ფონზეა გადაღებული.

ჟურნალისტების მონაცემებით, ფოტოები შავ ზღვასა და ტერეკლეს ტბას შორის ტერიტორიაზეა გადაღებული. ფოტოები რუსულ სოციალურ ქსელ “ВКонтакте”–ში გამოქვეყნდა.

21 ივლისს ყირიმში დამსვენებელმა ქალმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ჩანს, და დაწერა, რომ ევპატორია “დაცულია“. ამგვარად, ამ სისტემების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გათქვა.

უკრაინელებმა ეს მაშინვე შენიშნეს. ტელეგრამ არხზე ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქალს მადლობაც კი გადაუხადა იმისათვის, რომ ტექნიკის ადგილმდებარეობა ყველას შეატყობინა და იგივეს გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდა.