სავაჭრო მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ლოკდაუნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ. მათი თქმით, ჩაკეტვის ყოველ დღეს 10 მილიონიან ზარალს ნახავენ, ხოლო 17 ათასი დასაქმებული სამსახურს დაკარგავს.
„დავდექით მწარე რეალობის წინაშე. ყოველი დაკეტილი დღე, სავაჭრო ცენტრებისთვის, სულ 6 მოლისთვის, 10 მლნ ზარალს ნიშნავს. დასაქმებული გვყავს 17 ათასი ადამიანი, რომელიც სამსახურის გარშე რჩება. ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია მთავრობასთან, საუბარი იყო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე, თუმცა 24 საათში ეს ყველაფერი შეიცვალა და აღმოვჩნდით სრული “ლოქდუნის” წინაშე”,- აცხადებენ მოლები.
ისინი მთავრობას რამდენიმე შეთავაზებით მიმართავენ:
“1. ნაცვლად 24 დეკემბრისა, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალება; ამავე დროში მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რომ მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, სავაჭრო ცენტრებში მივიდნენ.
2. გაუქმდეს ქონების გადასახადი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გადავადდა. ჩვენი სურვილია და თხოვნაა, მოხდეს 2020 წლის ქონების გადასასახდის გაუქმება ისე, როგორც ეს მოხდა სასტუმროების შემთხვევაში. ყველა მზად არის, სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული ადამიანები არ გაუშვას სახლში და გადაუხადოს ხელფასი.
3. საკრედიტო ვალდებულებების მიმართულებით მოხდეს ეროვნული ბანკის ჩართვა ბანკებთან მოლაპარაკებების პროცესში. თუ საშუალება იქნება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზეც დაიწყოს საუბარი, ესეც ძალიან კარგი იქნება.
4. გაგრძელდეს საშემოსავლო გადასახადზე არსებული შეღავათი, თუნდაც შემდგომი 6 თვის განმავლობაში.
5. სავაჭრო ცენტრები მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავიკეტოთ იანვარში, თუმცა დეკემბერში მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – აცხადებენ მოლების წარმომადგენლები.
განცხადებას ხელს “გალერეა თბილისი”, “თბილისი მოლი”, “ისთ ფოინთი”, “თბილისი ცენტრალი”, “ქარვასლა”, “სითი მოლი” და “გლდანი მოლი” აწერენ.
ცნობისთვის, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.
გამონაკლისია 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდი, როდესაც სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებს მუშაობის უფლება მიეცემათ, ასევე, აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.