ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა – ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე

ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება – ასე ეხმაურება, ფინანსთა სამინისტრო, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,   რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

“საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.