ყოფილი მეუღლე მუდმივად აშანტაჟებდა, ეს არის ცილისწამება – ბასილაშვილის ოჯახის წევრები

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ შვილს ყოფილი ცოლი მუდმივად აშანტაჟებდა.

მათი თქმით, ეს ყველაფერი ცილისწამებაა.

“ეს ყველაფერი არის ცილისწამება, რომელიც გაირკვევა მალე. შანტაჟი იყო მუდმივად. ეს მუდმივი შანტაჟია მაგის [ყოფილი მეუღლის] მხრიდან”, – ამბობენ ოჯახის წევრები “ფორმულასთან” საუბრისას.

საქართველოს პირველი ჩოგანის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, მისი მამა კი ,,რაღაც გრძელტარიანი” საგნით გაეკიდა.

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. დღეს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მან უკვე გადაიხადა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.